ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსებთან ერთად სოფელ პირველ სვირს ესტუმრა. გოგი ქავთარაძემ სოფლის სკოლაში არსებული სპორტული დარბაზი მოინახულა და სკოლის დირექტორს თანადგომას დაჰპირდა. დეპუტატმა თანმხლებ პირებთან და პირველი სვირის რწმუნებულთან ერთად სოფლის ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 9 ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი წარმოადგინა. ჯამში, ცხრავე სკოლის ასაშენებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა მინისტრი ვარაუდობს, რომ საბოლოოდ 17-18 მილიონი ლარი დაიხარჯება.
საგარეჯოს რაიონის სოფელი ლამბალო, ქარელის რაიონის სოფელი აბანო, თეთრიწყაროს რაიონის სოფელი სამღერეთი, ზესტაფონის რაიონის სოფელი სვირი, მარნეულის რაიონის სოფელი დიოკნისი, მცხეთის რაიონის სოფელი მუხრანი და წილკანი, ჩოხატაურში, სოფელი წიფნარი და ახალქალაქში სოფელი ბუღაშენი - ეს ის სოფლებია, სადაც დაახლოებით ერთ წელიწადში ახალი სკოლები აშენდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, გიგა უმეკაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, 11 სექტემბერს ცხრავე სკოლის დეტალური პროექტი გააცნეს.
"ახალი სკოლები ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს, უნდა ითქვას ისიც, რომ სპორტული მოედნები ისე არის დაპროექტებული, რომ საერთაშორისო ტურნირების მოწყობის საშუალებაც ექნებათ,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ.