სადგურ სვირში ახალი საჯარო სკოლა 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება
სადგურ სვირში ახალი საჯარო სკოლა ერთ თვეში დაიწყებს ამოქმედებას. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო სტანდარტებით ადაპტირებული გარემო 120 მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო დაწესებულება განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებსაც მოემსახურება. მოეწყობა სპორტული მოედანი, რომლის მშენებლობაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები სადგურ სვირში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ახალი სკოლის აშენებას 20 წელზე მეტია ელოდებოდნენ სადგურ სვირში. ამ ხნის განმავლობაში, მოსწავლეები არასათანადო გარემოში იღებდნენ განათლებას. 15 ოქტომბრის შემდეგ, მათ მრავალი წლის პრობლემა მოეხსნებათ.
ჩვენი თანამემამულე და სოფლის შვილი ვიტალი ცხადაძე "დიდგორის ჯვრის" მედლით დააჯილდოვეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ,,დიდგორის ჯვრის მედლით" დააჯილდოვა. პრემიერის ინიციატივით, ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამორჩეულ სამხედროს ,,დიდგორის ჯვრის მედალს" გადასცემს. პირველი მედალი თავად პრემიერმა დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ ვიტალი ცხადაძეს გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბრძოლაში გამოჩენილ მამაცობასთან ერთად აღსანიშნავია ის, რომ ცხადაძემ და მისმა მეგობრებმა დაღუპული და დაჭრილი თანამებრძოლები ბრძოლის ველზე არ დატოვეს. "ეს ნამდვილად სამაგალითო და დასაფასებელია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მას სამშობლოს სამსახურისთვის და ვუსურვო სამხედრო წარმატებები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 43-ე მექანიზებული ბატალიონის მეთაური, მაიორი ვიტალი ცხადაძე "დიდგორის ჯვრის" მედლით დაჯილდოებისთვის მთავრობას მადლობას უხდის. როგორც ცხადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ ჯილდოს მიღებით ამაყია. "ომის დროს ვიყავი 53-ე ბატალიონის შტაბის უფროსი, მეთაურ, მაიორ გელა ჭედიას დაღუპვის შემდეგ კი ბატალიონის მართვა ავიღე ჩემს თავზე. საამაყოა დღევანდელი დღე ჩემთვის, როგორც ყველა ჯარისკაცისთვის. ამაყი ვარ, იმიტომ, რომ ეს ჯილდო გადმომეცა ბრძოლის ველზე, საიდანაც დაიწყო საქართველოს გამთლიანება და აღმშენებლობა. მე მოვუწოდებ და ვუსურვებ ყველა ქართველს, რომ ღირსეულად ემსახუროს თავის ქვეყანას", - განაცხადა მაიორმა ცხადაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ,,დიდგორის ჯვრის მედლით" დააჯილდოვა.