არასამთავრობო ორგანიზაცია ,,World Vision”–ს და ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ,,ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა ძლიერი სამოქალაქო ჩართულობის გზით"ფარგლებში მეორე სვირის თემში შეხვედრა გაიმართა. მოსახლეობასთან შეხვედრას პროექტის ინიციატორებთან ერთად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე და მაჟორიტარი დეპუტატი რომან ჯუღელიც ესწრებოდნენ. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმში იდენტიფიცირებული პრობლემების მოგვარებას. აღნიშნული პოექტის ფარგლებში მეორე სვირის თემში N11 და N13 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა. განახლდა ინფრასტრუქტურა და დაგეგმილია სველი წერტილების მოწყობა.
სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი" ზესტაფონის პოლიციის ყოფილ შენობის პირველ სართულზე დაიდებს ბინას. აღნიშნული გადაწყვეტილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე იქნა მიღებული. საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით ქ. ზესტაფონში ფარნავაზის ქ. N2–ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაეცა.