Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2019    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
http://www.kvirispalitra.ge/history/8961-adolf-hitleris-gegmebi-msoflios-politikuri-rukis-shecvlis-shesakheb.html
www.kvirispalitra.ge
ადოლფ ჰიტლერის გეგმები მსოფლიოს პოლიტიკური რუკის შეცვლის შესახებ

ადოლფ ჰიტლერი
Ein Volk, ein Reich, ein Führer
(ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი)
"დიდი გერმანიის" დევიზი

XX საუკუნის 20-30-იან წლებში ევროპის ბევრი სახელმწიფო ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. 1922 წელს იტალიის სათავეში ბენიტო მუსოლინი და ფაშისტური პარტია მოექცა. მუსოლინის ექსპანსიური საგარეო პოლიტიკის შედეგად იტალიამ დაიპყრო ეთიოპია (1936) და ალბანეთი (1939).

ამავე პერიოდში გერმანიაში ძლიერდებოდა ნაციონალ-სოციალისტური პარტია, რომელმაც 1932 წლის არჩევნებში გაიმარჯვა და პარტიის ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი 1933 წლის 30 იანვარს გერმანიის კანცლერი გახდა. ჰიტლერის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და მიზანი Gროßდეუტსცჰეს ღეიცჰ-ის (გროსდოიჩე რაიხის) ანუ „დიდი გერმანიის“ შექმნა იყო. ზაარის მხარის (1935), რაინის ოლქის (1936), ავსტრიისა (1938) და სუდეტის მიწების (1938) მიერთებით ჰიტლერმა თავისი გეგმის განხორციელება რეალურად დაიწყო. როდესაც დაინახა, რომ ამის შემდეგ ინგლისსა და საფრანგეთს არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ, მთლიანად შეიერთა (1939 წლის მარტი) ჩეხეთი. სლოვაკეთი დამოუკიდებელი დარჩა, თუმცა გერმანიის პროტექტორატის ქვეშ. ამ მოვლენებიდან მცირე ხნის შემდეგ ლიტვამ გერმანიას დაუთმო მემელის მიწები. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ამ ქვეყნების შემდეგ ჯერი პოლონეთზე მიდგებოდა.
ადოლფ ჰიტლერი
1939 წლის აგვისტოში ყველასთვის მოულოდნელად გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს „ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტს“, რომლის დამატებით, საიდუმლო პროტოკოლში ზუსტად იყო განსაზღვრული ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული ამბიციები აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობის შემთხვევაში. პოლონეთი გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის უნდა გაყოფილიყო, ხოლო ლატვია, ესტონეთი და ფინეთი მხოლოდ საბჭოთა კავშირის „ინტერესების სფეროდ" ცხადდებოდა. პირველ სექტემბერს გერმანია პოლონეთს დაესხა თავს, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი - კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი.
აზიის ბატონობაზე იაპონია აცხადებდა პრეტენზიას. იაპონიის ექსპანსიური პოლიტიკაც XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. იაპონიის უმთავრეს ინტერესს ჩინეთი წარმოადგენდა და 1931 წელს დაიპყრო კიდეც მისი ჩრდილოეთი რეგიონი - მანჯურია. 1937 წელს აზიაში იაპონია-ჩინეთის ომი დაიწყო. 1937 წელს საბოლოოდ გაფორმდა გერმანია-იტალია-იაპონიის ალიანსი.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, მისი მოკავშირეები (იტალია და იაპონია) და მათი მომხრე სხვა მცირე სახელმწიფოები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ დამპყრობლურ ომებს აწარმოებდნენ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, 1941 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის მიერ პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებიც.
საომარი ოპერაციები მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში მიმდინარეობდა. ძირითადი ბრძოლის ადგილები იყო: ევროპა, აზია, წყნარი და ატლანტის ოკეანის აუზები, ჩრდილოეთი აფრიკა.

საბოლოოდ ფაშისტური გერმანია და მისი მთავარი მოკავშირეები იტალია და იაპონია 1945 წლისთვის საბჭოთა კავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამარცხეს. ევროპაში 1939 წელს ფაშისტური გერმანიის მიერ პოლონეთზე თავდასხმით დაწყებული ომი 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით დამთავრდა, ხოლო აზიაში ომი - 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომმა კაცობრიობაზე უდიდესი გავლენა იქონია. გერმანია, იტალია და იაპონია, როგორც ძლიერი სახელმწიფოები, მსოფლიოს გამოეთიშნენ. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-სა და მსოფლიოში ახალგაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ. ომში მონაწილეობდა 70-ზე მეტი სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებული იყო 110 მლნ კაცი. ომს თან სდევდა საშინელი ნგრევა. განადგურდა ათიათასობით ქალაქი და სოფელი, უბედურება თავს დაატყდა ათეულობით მილიონ ადამიანს. მეორე მსოფლიო ომის საერთო მსხვერპლის ოდენობას მეცნიერები დაახლოებით 60 მილიონამდე ვარაუდობენ, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის (სსრკ - 26 მლნ-მდე, გერმანია – 8 მლნ-ზე მეტი, პოლონეთი 6 მლნ-მდე, მილიონობით ხალხი დაკარგა იუგოსლავიამ, იაპონიამ. მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღეს: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, რუმინეთმა, უნგრეთმა, ფინეთმა და სხვ.). სამხედრო ხარჯები და ზარალი ტრილიონობით დოლარს შეადგენდა.

საინტერესოა, რას აპირებდნენ ჰიტლერი და მისი მოკავშირეები, როგორი უნდა ყოფილიყო მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორიები, როგორ წარიმართებოდა მათი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა და რა სახის ორგანოები უნდა შექმნილიყო, რა ბედი ეწეოდა იმ სახელმწიფოების ტერიტორიებს, რომელთა გაუქმებასაც აპირებდნენ.
ცეცხლისა და მახვილის ფანტაზია
ადოლფ ჰიტლერი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტთა მიერ ოკუპირებულ, ანუ მათ „განთავისუფლებულ“ ტერიტორიაზე უნდა შექმნილიყო "დიდი გერმანია" ანუ "გროსდოიჩლანდი".

"დიდ გერმანიაში" შედიოდა საკუთრივ გერმანია 1937 წლის საზღვრებით, ელზას-ლოთარინგია (ალზას-ლორენი) საფრანგეთისგან, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, ბელგიის გერმანულენოვანი ოლქები, ავსტრია (ოსტმარკი), სუდეტის ოლქი (ყოფილი ჩეხოსლოვაკიისგან), დღევანდელი სლოვენიის დიდი ნაწილი და ომამდელი პოლონეთი მთლიანად. დიდი გერმანია 42 ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფოდა.

მესამე რაიხი ზოგიერთ ქვეყანას პირდაპირ არ იერთებდა, არსებობდა ე.წ. გენერალური მმართველობებიც, მაგალითად, ჩეხეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ბოჰემიისა და მორავიის პროტექტორატი, ხოლო პოლონეთის ტერიტორიაზე კრაკოვის გენერალ-საგუბერნატორო. ნაცისტებს საბჭოთა კავშირისგან უნდა მიეღოთ ყირიმი ანუ გოთენლანდი და სანქტ-პეტერბურგი ანუ ადოლფბურგი.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანიის მიერ დაკავებული ტერიტორიები ახალი ადმინისტრაციული სისტემით უნდა დაყოფილიყო. უმეტეს ტერიტორიაზე უნდა შექმნილიყო რაიხსკომისარიატები. გერმანიამ მოახერხა და შექმნა ნორვეგიის (1940-1945 წწ.), ნიდერლანდების (1940-1945 წწ.), ოსტლანდის (1941-1945 წწ.), უკრაინის (1941-1944 წწ.) და ბელგია-ჩრდილოეთ საფრანგეთის (1944 წ.) რაიხსკომისარიატები. დაგეგმილი იყო ასევე მოსკოვიის, კავკასიის, თურქესტანის, ურალის, ჩრდილოეთ-დასავლეთი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი და დასავლეთ ციმბირის რაიხსკომისარიატები, დანიის რაიხსპროტექტორატი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის რაიხსკომისარიატი.

განსაკუთრებით საინტერესოა საბჭოთა კავშირის დანაწილების გეგმა. 1941 წლის 17 ივლისს ადოლფ ჰიტლერმა აღმოსავლეთით, საბჭოთა კავშირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო მმართველობის შემოღების შესახებ ბრძანება გამოსცა. ბრძანების შესასრულებლად ალფრედ როზენბერგის ხელმძღვანელობით შეიქმნა აღმოსავლეთი ტერიტორიების სამინისტრო, რომელსაც სწორედ ახალი, ადმინისტრაციული ერთეულების ფორმირება დაე
ვალა. უნდა მომხდარიყო ოკუპირებული ტერიტორიების გერმანული ადმინისტრაციის მიხედვით მოწყობა. მთელი საბჭოთა კავშირი უნდა დანაწილებულიყო რაიხსკომისარიატებად. ხმარებიდან უნდა ამოეღოთ სიტყვა რუსი, რუსეთი, ამის გამო ბელორუსიასაც სახელი შეუცვალეს და ვაისრუთენი დაარქვეს, ხოლო რუსეთის დიდ ნაწილს მოსკოვია უწოდეს.
ადოლფ ჰიტლერი
ჰიტლერის იმავე ბრძანებით, პირველად ოსტლანდის რაიხსკომისარიატი შეიქმნა. ოსტლანდს უნდა შეერთებოდა სმოლენსკისა და ფსკოვის ოლქი, რომელსაც ახალი სახელით (პეიპუსლანდი) მოიხსენიებდნენ. გერმანული სახელმწიფო ენა იქნებოდა, ხოლო რუსული და ადგილობრივი ენები - ლოკალური გამოყენებისთვის.
ადმინისტრაციული ცენტრი იყო რიგა. რაიხსკომისარი - ჰენრიხ ლოზე, ხოლო 1944 წლის 26 სექტემბრიდან ოსტლანდში საბჭოთა ჯარების შესვლამდე - ერიხ კოხი.
ოსტლანდში ერთიანდებოდა ოთხი გენერალური ოლქი:

ვაისრუთენი (ბელორუსიის გერმანული სახელი), ცენტრი მინსკი (გენერალური კომისარი - ვილჰელმ კუბე, მისი მკვლელობის შემდეგ კურტ ფონ გოთბერგი).
ვაისრუთენის რეგიონული ცენტრები იყო: ბარანოვიჩი, ვილეიკა, განცევიჩი, გლუბოკოე, ლიდა, მინსკი, ნოვოგრუდოკი, სლონიმი, სლუცკი. 1943 წლიდან გენერალური ოლქის ტერიტორიაზე მოიწვიეს ეროვნული პარლამენტი - ბელორუსიის ცენტრალური რადა, რომელმაც არმიაზე (ბელორუსიის საზღვრის დაცვა) და პოლიციაზე (ბელორუსიის სახალხო თავდაცვა) აიღო პასუხისმგებლობა.

ლიტვა, ცენტრი კაუნასი (გენერალური კომისარი - თეოდორ ადრიან ფონ რენტელნი).
ლატვია, ცენტრი რიგა (გენერალური კომისარი - ოტო ჰაინრიხ დრეხსლერი)
ესტონეთი, ცენტრი რეველი (ახლანდელი ტალინი), გენერალური კომისარი - კარლ ზიგმუნდ ლიცმანი).
ადოლფ ჰიტლერი
მეორე ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც გერმანელებმა 1941 წლის 20 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შექმნეს, იყო უკრაინის რაიხსკომისარიატი. მასში შედიოდა გერმანელთა მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორია გალიციისა და დნესტრისპირეთის გარდა. სამაგიეროდ, უკრაინის რაიხსკომისარიატში შევიდოდა რუსეთის ტერიტორიები (კურსკი, ორიოლი, ტამბოვი, სარატოვი, ცარიცინი). რაიხსკომისარი იყო ერიხ კოხი. უკრაინის რაიხსკომისარიატში ოფიციალური სახელმწიფო ენა გერმანული უნდა ყოფილიყო, ხოლო უკრაინული და პოლონური ენები - ადგილობრივი გამოყენებისთვის. დედაქალაქი - როვნო.

1942 წლის პირველი სექტემბრიდან უკრაინის რაიხსკომისარიატში ოფიციალურად 13 ოლქი იყო შექმნილი. თუმცა გერმანელებმა დაგეგმილი ტერიტორიის დაკავება მთლიანად ვერ შეძლეს, ამიტომ რამდენიმე ოლქის შექმნა ვერ მოხერხდა.
რეალურად არსებული ოლქები:

დნეპროპეტროვსკის გენერალური ოლქი - გენერალური კომისარი ნიკოლაუს (კლაუს) ზელცნერი.
კიევის გენერალური ოლქი - გენერალური კომისარი ჰელმუთ ქვიტცრაი (1942 წლის თებერვლამდე), ვალდემარ მაგუნია (1942 წლის თებერვლიდან 1943 წლის ნოემბრამდე).
ყირიმის გენერალური ოლქი, ნახევარი ტავრია, ყველა გერმანელის კურორტად მიიჩნეოდა და ახალი სახელით - გოთენლანდი უშუალოდ "დიდი გერმანიის" შემადგენლობაში შედიოდა.

ნიკოლაევის გენერალური ოლქი - გენერალური კომისარი ევალდ ოპერმანი.
ჟიტომირის გენერალური ოლქი - გენერალური კომისარი კურტ კლემი.
ვოლინ-პოდოლიის გენერალური ოლქი - გენერალური კომისარი ჰაინრიხ შოენი
უნდა შექმნილიყო ასევე შემდეგი გენერალური ოლქები: ჩერნიგოვის, ხარკოვის, სტალინოს (დონეცკის), ვორონეჟის, როსტოვის, ცარიცინის (სტალინგრადი, დღევანდელი ვოლგოგრადი), სარატოვის.

მოსკოვიის რაიხსკომისარიატი - მესამე რაიხის სავარაუდო ავტონომიური რეგიონი აღმოსავლეთ ევროპაში. ოსტლანდისა და უკრაინის რაიხსკომისარიატებს შორის. დედაქალაქი მოსკოვი. პირველ რაიხსკომისრად დაინიშნა ზიგფრიდ კაშე. ოფიციალური ენები გერმანული და რუსული. ფართობი 2,9 მლნ კვკმ-ს მოიცავდა, ხოლო მოსახლეობა შეადგენდა 50-60 მლნ-ს.
ადოლფ ჰიტლერი
მოსკოვიის რაიხსკომისარიატს თანამედროვე რუსეთის ევროპული ტერიტორიები ეჭრებოდა. კარელია და კოლის ნახევარკუნძული ფინეთს გადაეცა; სამხრეთი რუსეთის ტერიტორია (ორიოლი, ტამბოვი, სარატოვი) - უკრაინას; დასავლეთის ოლქები (სმოლენსკი, ფსკოვი) - ოსტლანდს.
ომის დროს არსებობდა პროგერმანული შეიარაღებული დივიზია „რუსლანდი“.

რაიხსკომისარიატში დაგეგმილი იყო რამდენიმე გენერალური ოლქის შექმნა. რომლებიც მცირე ადმინისტრაციულ ერთეულებად დაიყოფოდა: მოსკოვი, ტულა, გორკი ან ნიჟნი ნოვგოროდი, ვიატკა, ლენინგრადი ან პეტერბურგი ან შესაძლოა ადოლფსბურგი (დაგეგმილი იყო პეტერბურგის ოლქის სახელის ადოლფსბურგით შეცვლა და "დიდი გერმანიის" შემადგენლობაში შეყვანა), ყაზანი (მორდოვა და ჩუვაშეთი) სავარაუდოდ თურქესტანის რაიხსკომისარიატის შემადგენლობაში უნდა შესულიყო, უფა (მასში გაერთიანებული იყვნენ თათრები, ბაშკირები, მარები, მორდოველები, ჩუვაშები, უდმურტები, რომელთაც დამოუკიდებლობა სურდათ, მაგრამ ნაცისტური გერმანიის გეგმებში იდელ-ურალის სახელმწიფოს შექმნა არ შედიოდა), პერმი (აერთიანებდა ურალს მთლიანად და დასავლეთ ციმბირს - სვერდლოვსკს, ჩელიაბინსკს, ომსკს, ნოვოსიბირსკს).

თუმცა უფისა და პერმის გენერალური ოლქების შექმნა ეჭვქვეშ იყო, რადგან ისინი ასტრახანი-არხანგელსკის ხაზის გარეთ, ანუ გერმანიის სავარაუდო აღმოსავლეთ საზღვრის გარეთ მდებარეობდა.
კავკასიის რაიხსკომისარიატი - ასევე სავარაუდო ავტონომიური რეგიონი იყო მესამე რაიხის შემადგენლობაში, რომელიც გერმანიის საბჭოთა კავშირთან ომში გამარჯვების შემთხვევაში ჩამოყალიბდებოდა.

ტერიტორია მოიცავდა ომის დაწყებამდე საბჭოთა კავშირის მფლობელობაში არსებულ კავკასიის მიწებს. საერთო ფართობით 500000 კვკმ. მოსახლეობა დაახლოებით 18 მლნ. ცენტრი უნდა ყოფილიყო თბილისი. სამხრეთით საზღვარი გაივლიდა თურქეთისა და ირანის სახელმწიფო საზღვრებზე, ხოლო ჩრდილოეთით - მდინარეებზე დონი და ვოლგა. მხარის ეკონომიკაში წამყვანი ნავთობის მრეწველობა და სოფლის მეურნეობა უნდა ყოფილიყო.
რაიხსკომისრად არნო შიკედანცი მოისაზრებოდა.

კავკასიის რაიხსკომისარიატის დამცავი რაზმისა და პოლიციის ხელმძღვანელი კორზერმანი უნდა ყოფილიყო.
რა თქმა უნდა, გერმანელებს არც კავკასიის მოსახლეობა მიაჩნდათ თავის თანაბარ რასად და მოკავშირეებად, მაგრამ მათ "გაითვალისწინეს" ბოლშევიკური რეჟიმის სიმძიმე, ხოლო მრავალეთნიკურობის ფაქტორის გამო კავკასიაში ავტონომიურობაც იგეგმებოდა.

კავკასიისთვის ბრძოლებში გერმანულ არმიაში იყო რამდენიმეათასიანი ქართული შენაერთებიც, 12 ბატალიონი, ამ ქართული ლეგიონის მეთაური შალვა მაღლაკელიძე იყო. ქართველები ფიქრობდნენ, რომ სწორედ გერმანელთა ხელით შეიძლებოდა ბოლშევიკებისგან სამშობლოს განთავისუფლება. ქართული ბატალიონები ძირითადად დაკომპლექტებული იყო 1921 წლიდან ემიგრაციაში მყოფი მთავრობის ნაწილისა და ომის დროს გერმანელთა მიერ ტყვედ აყვანილი ქართველებისგან.

კავკასიის რაიხსკომისარიატის სახელმწიფო ენა გერმანული (ოფიციალური), რუსული, ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, კავკასიური ენები (ადგილობრივი გამოყენებისთვის) უნდა ყოფილიყო.
რაიხსკომისარიატი დაიყოფოდა შვიდ გენერალურ და რამდენიმე საგანგებო კომისარიატად, აქ ძირითადად ტერმინები იცვლებოდა, ადმინისტრაციული ერთეულები თითქმის იმავე საზღვრებსა და სახელებს შეინარჩუნებდა.

საქართველოს გენერალური კომისარიატი
ცენტრი: თბილისი.
20 საოლქო კომისარიატი (75 რაიონი).
აჭარის საგანგებო კომისარიატი
აფხაზეთის საგანგებო კომისარიატი
სამხრეთ ოსეთის საგანგებო კომისარიატი
აზერბაიჯანის გენერალური კომისარიატი
ცენტრი: ბაქო.

30 საოლქო კომისარიატი (87 რაიონი), მათ შორის, მთიანი ყარაბაღი.
ნახიჭევანის საგანგებო კომისარიატი
ყუბანის გენერალური კომისარიატი
ცენტრი: კრასნოდარი.

30 საოლქო კომისარიატი (83 რაიონი), მათ შორის როსტოვის რაიონის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი.
თერგის გენერალური კომისარიატი
ცენტრი: ვოროშილოვგრადი (სტავროპოლი).
20 საოლქო კომისარიატი (60 რაიონი).
მთიელ კავკასიელთა გენერალური კომისარიატი
ცენტრი: ორჯონიკიძე (ვლადიკავკაზი).

30 საოლქო კომისარიატი (83 რაიონი). მათ შორის ყიზლარის რაიონი.
ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო კომისარიატი, ცენტრი ორჯონიკიძე.
დაღესტნის საგანგებო კომისარიატი
ცენტრი: მაჰაჭყალა.
ჩეჩნეთ-ინგუშეთის საგანგებო კომისარიატი
ცენტრი: გროზნო.

ყაბარდო-ბალყარეთის საგანგებო კომისარიატი
ყარაჩაის საგანგებო კომისარიატი
ჩერქეზეთის საგანგებო კომისარიატი
ადიღეს საგანგებო კომისარიატი
სომხეთის გენერალური კომისარიატი
ცენტრი: ერევანი.

12 საოლქო კომისარიატი (42 რაიონი).
ყალმუხეთის გენერალური კომისარიატი
ყალმუხეთის ასსრ-ის ჩათვლით და როსტოვის რაიონის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილი.
ცენტრი: ასტრახანი.

თურქესტანის რაიხსკომისარიატი
თურქესტანის რაიხსკომისარიატის შექმნა დაგეგმილი იყო ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების გაერთიანების შედეგად. ვარაუდობდნენ, რომ შემდეგ დაემატებოდა საბჭოთა რუსეთის რამდენიმე ავტონომიური რესპუბლიკაც, მაგალითად, მორდოვა, უდმურტია, ბაშკირეთი და თათრეთი.

* * *
ჰიტლერისა და ნაცისტური გერმანიის გეგმების მიხედვით სწორედ ასეთი სახით მოისაზრებოდა ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების რუკა, თუმცა შეუძლებელია გადაჭრით იმის მტკიცება, რომ ამ ვარიანტით დასრულდებოდა ყველაფერი. როგორც ჩანს, ეს ძირითადად გეგმები იყო. გასათვალისწინებელი იქნებოდა ფაშისტური იტალიისა და იაპონიის იმპერიის ამბიციებიც. ნაცისტური ბანაკის სხვა სახელმწიფოების ინტერესები, ასევე თურქეთისა და სხვა სახელმწიფოთა ინტერესები, რომლებიც ომში ფაშისტების წარმატების შემთხვევაში აუცილებლად გამოიკვეთებოდა.

ალექსანდრე ბოშიშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ