ქართული სოფელი კვდება! » site of SVIRI
Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, რომელიც ჩატარდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოში 3 668 სოფელი აღირიცხა. 3050 სოფელში ეროვნებით ქართველი მოსახლეობა ჭარბობდა; 171 სოფელში – აზერბაიჯანელი მოსახლეობა; 139-ში – სომეხი; 103-ში – ოსი; 26-ში – ბერძენი; 8-ში ქისტი; 3-ში – რუსი; 4-ში ავარელი და ა.შ. სოფლის მუდმივმა მოსახლეობამ 2 087 ათასი კაცი შეადგინა, ანუ ორი უკანასკნელი აღწერათშორის პერიოდში (1989-2002 წლებში) 323 ათასი კაცით შემცირდა. მიუხედავად ამისა, სოფელთან შედარებით ქალაქად უფრო ინტენსიური შიდა მიგრაციული პროცესების გამო, აღნიშნულ პერიოდში სოფლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 44,6 პროცენტიდან 47,7 პროცენტამდე გაიზარდა.

მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის მიხედვით 5000 კაცზე მეტი 28 სოფელში ცხოვრობდა, მათ შორის: პირველ ადგილზეა მარნეულის რაიონის სოფელი სადახლო – 9 486 კაცი; მეორე ადგილი უკავია მცხეთის რაიონის სოფელ დიღომს – 8746; მესამე – თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას – 8270 კაცი და ა.შ.
(აქ სვირი დაყოფის გამო არ მოხვდა,რეალურად კი პირველ სამეულშია)
ამჟამად საქართველოში ბევრი სოფელი გაუკაცრიელდა – გაცივდა უკანასკნელი კერა. დაცარიელებული სოფლები კი უფრო საშიში სანახაობაა, ვიდრე უდაბნო. აკი დიდი ვაჟაც გულისტკივილით აღნიშნავდა: “რა საშინელი, შემაძრწუნებელი სიტყვაა “ნასოფლარი”. 2002 წლის აღწერის მიხედვით 162 სოფელში უკვე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს. 10 კაცი და ნაკლები მოსახლეობაა 152 სოფელში. ხოლო 905 სოფელში ანუ ქვეყანაში არსებული სოფლების 25 პროცენტში 100 კაცამდე ცხოვრობს. ბევრ სოფელში, სადაც ადრე ასობით კაცი ცხოვრობდა, ათიოდე კაციღა დარჩა, ზოგან კი – ორი-სამი. განსაკუთრებით შემცირდა მოსახლეობა საქართველოს ისტორიულ კუთხეებში – რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთსა და თუშ-ფშავ-ხევსურეთში. მაგალითად, მოსახლეობის საგანგაშო კლებას აქვს ადგილი რაჭაში, სადაც 1939 წელს 67 ათასი, ხოლო 2008 წელს 23,6 ათასი კაცი ცხოვრობდა. ასე რომ, მარტოოდენ მამაპაპური კერის სიყვარულის ლიტონი ქადაგება მოსახლეობის ბარისაკენ ლტოლვას ვერ შეანელებს, თუ მთაში ხელისუფლებამ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციალური ღონისძიებები არ განახორციელა. მეტად საგულისხმოა ის გარემოება, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან გაუკაცრიელებული ქართული სოფლების დაკავების არაერთ მცდელობას ჰქონია ადგილი. ამიტომ საჭიროა საქართველოს მთიანეთის სამეურნეო ათვისების რეალური პროგრამის შემუშავება და არა “მამაცური ფრაზების ბავშვურად სროლა”.

მდგომარეობა, მართლაც, საგანგაშოა. ის, რომ 152 სოფელში 10 კაცამდე ცხოვრობს, ან თუნდაც ყოველ მეოთხე სოფელში (905 სოფელი) 100 კაცამდე ცხოვრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში ძირითადად მოხუცებია დარჩენილი უგზოობის, უშუქობის და ყოველგვარი ინფრასტრუქტურის გარეშე, რომლებიც უიმედოდ ითვლიან თავიანთი ცხოვრების დარჩენილ დღეებს.

ყოველივე ზემონათქვამი არა მარტო ჩვენი თანამემამულეების გაუსაძლის პირობებში ცხოვრების დიდი ტრაგედიაა, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით უმძიმესი პრობლემაა. ფაქტობრივად, ჩვენი ჩრდილოეთის საზღვარი მოფარღალავებულია. რაჭასა და თუშ-ფშავ-ხევსურეთში 40 ათასი კაციც არ ცხოვრობს და ისინიც ფაქტობრივად მოხუცებია. ჩრდილოეთის საზღვართან მდებარე სოფლები ან გაუკაცრიელებულია ან ამ სოფლებში თითოოროლა კაცი თუ ცხოვრობს. მაგალითად, პირიქითა ხევსურეთის სოფელ ახიელში 1886 წელს 241 კაცი ცხოვრობდა, ამჟამად მხოლოდ 6 კაცი ცხოვრობს, ამღაში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 194 და 31 კაცს უდრის, ხოლო ჭიმღაში – 72 და 5 კაცს. ანალოგიური ვითარებაა სხვა სოფლებშიც. კერძოდ, ვაჟა-ფშაველას სოფელ ჩარგალში 1886 წელს 347 კაცი ცხოვრობდა, ამჟამად იქ 100 კაცი ცხოვრობს, სოფელ შუაფხოს მოსახლეობის რაოდენობა ამავე პერიოდში 215 კაციდან 38 კაცამდე შემცირდა, სოფელ მათურაში – 276 კაციდან 3 კაცამდე და ა.შ.

უახლოეს პერსპექტივაში მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებების შედეგად საქართველოს სოფლის მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლები საგრძნობლად გაუარესდება. ამჟამად სოფლად გაცილებით ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე ქალაქად, მაშინ, როდესაც ადრე პირუკუ მოვლენას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 1970 წელს საქართველოში 90 207 ბავშვი დაიბადა, აქედან ქალაქად 42 781 და სოფლად 747 426 ბავშვი, ანუ სოფლად დაბადებული ბავშვები მთლიანად ქვეყანაში დაბადებული ბავშვების 52,6 პროცენტს შეადგენდა. 2008 წელს საქართველოში 56 565 ბავშვი დაიბადა, აქედან ქალაქად 39 206 ბავშვი (69,3 პროცენტი) და სოფლად მხოლოდ 17 359 ბავშვი (30,7 პროცენტი). ამავე პერიოდში, კერძოდ, 1970 წელს მხოლოდ თბილისში დაბადებული ბავშვები მთლიანად ქვეყანაში დაბადებული ბავშვების 17,9 პროცენტს უდრიდა, ხოლო 2008 წელს – 26,7 პროცენტს. შესაბამისად შობადობის კოეფიციენტები გაცილებით უკეთესია ქალაქად, ვიდრე სოფლად. კერძოდ, 2008 წელს მოსახლეობის ყოველ ათას კაცზე ქალაქად 17,0 ბავშვი დაიბადა, მაშინ როდესაც სოფლად ყოველ 1000 კაცზე მხოლოდ 8,4 ახალშობილი მოევლინა ქვეყანას.

აღნიშნულ მოვლენაზე რომ ნათელი წარმოდგენა ვიქონიოთ, უპირველეს ყოვლისა, შემდეგ გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. გაუსაძლისი ეკონომიკური პირობების გამო უკანასკნელ წლებში უაღრესად ინტენსიური გახდა არა მარტო გარემიგრაციული, არამედ შიდამიგრაციული პროცესებიც. სოფლის მოსახლეობა მაინც უპირატესად შიდამიგრაციულ პროცესშია ჩართული. 2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით წინა 9 წლის განმავლობაში 437 232 პირმა შეიცვალა ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილი. ადამიანთა უმეტესობა საცხოვრებელ ადგილს იცვლიდა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით. ამ აბურდულ ცხოვრებაში, ალბათ, ბევრს არც გაუმართლდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველო დატოვა და სხვა ქვეყნებში წავიდა ბედის საძებნელად, მაშინ მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა, ანუ ქვეყნის მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედმა გარე (საერთაშორისო) და შიდა მიგრაციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსახლეობის 2002 წლის აღწერით 9 წელიწადში ქვეყნის შიდა მიგრაციამ, ძირითადად სოფლიდან ქალაქად, 437 ათასი კაცი შეადგინა და აქედან 423 ათასი კაცი (96,8 პროცენტი) ქართველი იყო. ამრიგად, თითქმის მთლიანად ქართველი მოსახლეობისაგან იცლება სოფლები. აღნიშნულ 9 წელიწადში საქართველოში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა მხოლოდ 4309 აზერბაიჯანელმა (შიდა მიგრაციაში მონაწილე მოსახლეობის მხოლოდ 1,0 პროცენტმა) და 3967 სომეხმა (0,9 პროცენტმა).

სოფლიდან ქალაქად მიგრირებულთა უმეტესობა ახალგაზრდა, ფერტილურ პერიოდში მყოფი ქალები არიან. დემოგრაფიაში ფერტილური პერიოდის დასაწყისად მიჩნეულია 15 წელი, ხოლო დასასრულად – 49 წელი. ამრიგად, ფერტილური პერიოდი შეადგენს საშუალოდ 35 წელს. 15-49 წლების ასაკში მყოფი ქალების რაოდენობა აღწერის მიხედვით 2002 წელს ქალაქად 654 ათას, ხოლო სოფლად – 506 ათას ქალს უდრიდა. ამრიგად, ფერტილურ ასაკში ქალაქად, სოფელთან შედარებით, 148 ათასი ქალით მეტია. ამასთან, ბავშვთა შობის (შვილიერების) ყველაზე უფრო ხელსაყრელი ასაკია 20-29 წლები. დაბადებულ ბავშვთა 60-70 პროცენტი ამ ასაკის ქალებზე მოდის.

.

20-29 წლების ასაკშიც ქალაქად ქალები 37 ათასით მეტია სოფელთან შედარებით. ქალაქად მაღალი შობადობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ აღნიშნული ფაქტორია. როგორც უკვე ითქვა, 2008 წელს საქართველოში 56 565 ბავშვი დაიბადა, აქედან ქალაქად – 39 ათასი, ხოლო სოფლად – 17 ათასი ბავშვი. თბილისში ამავე წელს 15 ათასი ბავშვი დაიბადა, რაც ქალაქად დაბადებული ბავშვების 38,5 პროცენტია. შესაბამისად შობადობის დონეც ქალაქად გაცილებით მაღალია სოფელთან შედარებით. კერძოდ, თუ 2008 წელს მოსახლეობის ყოველ 1000 კაცზე 17 ბავშვი დაიბადა, სოფლად ანალოგიურმა მაჩვენებელმა 8,4 ბავშვი შეადგინა. რა თქმა უნდა, ქალაქად შობადობის გაზრდაში სხვა ფაქტორებმაც ითამაშა გარკვეული როლი. არ გამოვრიცხავთ აღრიცხვაში დაშვებულ შეცდომებს, ამასთან საერთოდ გაუსაძლის ეკონომიკურ პირობებში ცხოვრების დონე ქალაქად, კერძოდ, თბილისში მაინც გაცილებით მაღალია, ვიდრე სოფლად. ამასთან ბევრმა ოჯახმა გადადო მომდევნო სასურველი შვილის გაჩენა უკეთესი მერმისის მოლოდინში, მაგრამ ყველაფერს აქვს ბუნებრივი საზღაური. თუ ყოველივე აღნიშნულს მხედველობაში მივიღებთ, დიდი პომპეზურობით ქუჩებსა და დახურულ დარბაზებში მოწყობილი ცალკეული კონცერტები, შადრევნების ბუმი და უკანასკნელ ხანს სხვა მსგავსი მომრავლებული ღონისძიებები უფრო მეტად პოტიომკინის სოფლებს გვაგონებს, კომუნისტების დროინდელი აგიტაციის შესანიშნავ გაგრძელებას წარმოადგენს. მაგალითად, 1941 წლის 7 სექტემბერს გაზეთი “კომუნისტი” წერდა: “ჩაის კრეფის ცნობილმა რეკორდსმენმა ორდენოსანმა ქიონია სარსანიამ 6 სექტემბერს მოკრიფა 1407 კილოგრამი პირველი ხარისხის ჩაის მწვანე ფოთოლი. დღიური ნორმა შეასრულა 9100 პროცენტით. ამ დღეს მან გამოიმუშავა 135 შრომადღე”. ამ, მართლაც, მშრომელ ადამიანს ქიონია სარსანიას მთელი დღე და ღამე რომ ემუშავა შესვენების გარეშე, მაინც არ შეეძლო მოეკრიფა 1407 კილოგრამი, ისიც პირველი ხარისხის ჩაის ფოთოლი, უბრალოდ იმ მიზეზის გამო, რომ დღე-ღამეში 1440 წუთია. იმდროინდელ ჟურნალისტს “გამორჩა” ეს დეტალი მხედველობიდან, ისე როგორც ამჟამადაც ბევრი ჟურნალისტი, სამწუხაროდ, ბევრ რამეს ვერ “ამჩნევს”:

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამ გაუსაძლის პირობებშიც, თბილისში ცხოვრების შედარებით მაღალი დონე სოფელთან შედარებით, განაპირობებს დედაქალაქში შობადობის ასევე შედარებით მაღალ დონეს. უდავო ჭეშმარიტებაა, რომ თანამედროვე სამყაროში ეკონომიკური პირობები ჯერ კიდევ შობადობის გადიდების გადამწყვეტი ფაქტორია. ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრების მაღალი დონე თითქოს უკვე არავითარ გავლენას არ ახდენდეს შობადობაზე, რაც არ არის სწორი. ამის მაგალითად მოყავთ დასავლეთის ქვეყნები, სადაც ცხოვრების დონე მაღალია, მაგრამ შობადობის დონე დაბალი. ამ შემთხვევაში მხედველობიდან რჩებათ ერთი მეტად არსებითი ფაქტორი. დასავლეთის ქვეყნებში მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, ოჯახის ბიუჯეტში უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბავშვის დაბადების, მოვლისა და აღზრდის ხარჯებს.

ეკონომიკური თვალსაზრისით ოჯახების საკმაო ნაწილს იმ ქვეყნებშიც როდი შეუძლიათ ორი ან სამი ბავშვის ყოლა. ამასთან ამ ქვეყნებში ცხოვრების რიტმი მეტად დაძაბული გახდა. რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორების გამორიცხვაც არ შეიძლება, მაგრამ მთავარი მაინც, შეგნებული ბავშვთშობის პირობებში ეკონომიკური პირობებია. ამრიგად, თანამედროვე პირობებში ეკონომიკური ფაქტორი თითქოს არ ახდენდეს გავლენას შობადობის დონეზე ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, არ არის სწორი. მაგალითად, აშშ-ში 2008 წელს 68 ათასი ბავშვით ნაკლები დაიბადა წინა წელთან შედარებით. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს მოვლენა ეკონომიკური კრიზისის შედეგია, რადგან ბავშვები ამერიკელების საოჯახო ბიუჯეტის ყველაზე ხარჯვითი ნაწილია და გასაკვირი არ არის, რომ გაურკვეველი მომავლის წინ ეს ხარჯები მცირდება. გელაპის ინსტიტუტის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, გათხოვილი ქალების 17,0 პროცენტის აზრით, კრიზისმა გავლენა მოახდინა ბავშვების გაჩენაზე, ამასთან, ყოველმა მეათე გამოკითხულმა გათხოვილმა ქალმა უპასუხა, რომ ეკონომიკურმა ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დაგეგმილი ორსულობის გადავადებაზე.

საქართველოში ეკონომიკური ფაქტორის გადამწყვეტი როლი მოსახლეობის გამრავლებაზე ნათლად აჩვენა საჩხერის რაიონის შობადობის დონისა და მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაჩვენებლების ანალიზმა. ცნობილია, რომ ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საჩხერის რაიონში ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს: ხელი შეუწყო მოსახლეობის დასაქმებას, მოსახლეობას ეხმარება გადასახადების გადახდაში, ააშენა საავადმყოფო, რომელიც უზრუნველყოფილია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით, განათლების დარგის მუშაკები უზრუნველყოფილია მაღალი ხელფასებით და ა.შ. საჩხერის რაიონში შობადობის დონე და მოსახლეობის ბუნებრივი მატება გაცილებით მაღალია, ვიდრე იმერეთის რაიონში, სადაც დიდი ხანია მოსახლეობის კლებაა დაწყებული. მაგალითად, საჩხერის რაიონში 2008 წელს ბუნებრივი მატება 322 კაცს შეადგენდა, მაშინ, როდესაც მეზობელი ჭიათურის რაიონში მოსახლეობა 114 კაცით შემცირდა, ე.ი. მოკვდაობამ 114 კაცით გადააჭარბა შობადობას.

ამ მხრივ სერიოზულ ღონისძიებებს ატარებს “ავერსი-ფარმას” გენერალური დირექტორი პაატა კურტანიძე. ის ეხმარება მრავალშვილიან დედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, აკეთებს უფასო ოპერაციებს, ყოველნაირად ხელს უწყობს იმ თანამშრომლებს, რომლებიც შვილის გაჩენასა და დეკრეტულ შვებულებაში გასვლას აპირებენ, რითაც ბევრი ფირმა ვერ დაიკვეხნის.

სწორედ ასეთი ქველმოქმედებაა სანიმუშო, რადგან ძველი საბერძნეთის უდიდესი მოაზროვნის დემოკრიტეს თქმით, “ქველმოქმედება ის კი არაა, ვისაც სარგებლობა აინტერესებს, არამედ ის, ვინც უანგაროდ მოქმედებს”. ასეთი ადამიანები რომ გვყავდეს, უმძიმეს დემოგრაფიულ პრობლემებს თავს დავაღწევთ და გადაშენებაც აღარ დაგვემუქრება.

დასასრულს უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული სოფელი გაქრობის პირზეა მისული და ერის სულიერ ცხოვრებაში მისი როლი სულ უფრო ქვეითდება, ხოლო ეკონომიკურ ცხოვრებაში მნივშნელოვნად შემცირდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ჩვენი მოსახლეობა ძირითადად შემოტანილი პროდუქტით იკვებება. ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაც კი, რომელიც ჩვენთან ადრე საკმაო რაოდენობით იწარმოებოდა და აკმაყოფილებდა ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილებას, ახლა უპირატესად მეზობელ ქვეყნებიდან შემოგვაქვს: ჭარხალი, სტაფილო, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი, კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო, ვაშლი, მსხალი, კომში, რაც მთავარია, ჩაი და სხვ. აღარაფერს ვამბობთ ხორცზე, რძეზე, თევზზე, კარაქზე და ა.შ. ფაქტობრივად, ჯერჯერობით მხოლოდ მწვანილსა და ტყემალს ვაწარმოებთ საკმარისად. საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2003-2007 წლებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობები შემცირდა 562 ათასი ჰექტარიდან 297 ათას ჰექტრამდე, მათ შორის: ხორბლისა – 177 ათასიდან 45 ათასამდე, სიმინდისა – 198 ათასიდან 125 ათასამდე, მზესუმზირისა 46 ათასიდან 22 ათასამდე და ა.შ. ამავე პერიოდში ხორცის წარმოება შემცირდა 225 ათასი ტონიდან 75 ათას ტონამდე, სიმინდისა – 492 ათასი ტონიდან 296 ათას ტონამდე, კარტოფილისა – 425 ათასი ტონიდან 292 ათას ტონამდე, ჩაის ხარისხოვანი ფოთლისა – 26 ათასი ტონიდან 7 ათას ტონამდე და ა.შ. ამავე 2003-2007 წლებში ასევე შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 1243 ათასი სულიდან 1048 ათას სულამდე, ღორისა – 474 ათასიდან 110 ათასამდე და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლის განვითარებას არავითარი ყურადღება არ ექცევა.

სოფლის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ სოფლები იცლება მოსახლეობისგან. ამის შედეგად, როგორც ვნახეთ, საგრძნობლად შემცირდა სოფლის მოსახლეობა. თვალსაჩინოებისთვის ერთ მაგალითს კიდევ მოვიყვანთ: 2008 წელს, 1970 წელთან შედარებით, ქალაქად შობადობა 1,1 ჯერ შემცირდა, სოფლად კი – 2,7 ჯერ. გლობალიზაციის პირობებში ქართული სოფელი კიდევ უფრო დაკარგავს თავის სახეს. ზემოთ ისიც ვნახეთ, რომ სოფლიდან ძირითადად ქართველი მოსახლეობა მოდის ქალაქად. ეროვნული თვალსაზრისით ეს დიდი სატკივარია, რადგან სოფელი ყოველთვის კვებავდა ქალაქს ინტელექტუალური ძალებით. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში და შემდეგაც თითქმის ყველა ჩვენი გამოჩენილი მეცნიერი, მწერალი, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწე წარმოშობით სოფლიდან იყო. აკი აკაკი წერეთელიც აღნიშნავდა, რომ რაც მასში კარგი და კეთილი იყო იმის წყალობით მოხდა, რომ იგი სოფელში აღიზარდა: “ყმაწვილი, რომელიც კი სოფელში არ გაზრდილა, ბუნებაზე სრულიად მოსხლეტილია. ის არის მოკლებული უპირველეს ბედნიერებას. ქალაქში გაზრდილ ბავშვს, გენიოსიც რომ იყოს, მისი მასწავლებელი სიტყვით და ნახატებით ისე ვერ გააცნობს ბუნებას, როგორც სოფლელი იცნობს თავის საკუთარი ნახულობით”. სოფელში გაზრდილს ცხოვრებასთან ბრძოლის მეტი უნარიც გააჩნია.

შობადობის მხრივ სოფლად ასეთი არასასურველი ვითარება პოსტსაბჭოთა სივრცეში მკვეთრად გამოხატულია მხოლოდ საქართველოში. მაგალითად, მეზობელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ამ მხრივ ვითარება ნორმალურია. 2005 წელს აზერბაიჯანში 141 901 ბავშვი დაიბადა, აქედან ქალაქად 64 362 (45,4 პროცენტი) და სოფლად 77 539 ბავშვი (54,6 პროცენტი). ზემოთ ნათქვამსაც თუ გავიხსენებთ, რომ შიდა მიგრაციაში ქართველების წილი 96,8 პროცენტია და ასაკობრივი სტრუქტურა სოფლად მხოლოდ ქართველ მოსახლეობაში დაირღვა (მცირდება 15-49 წლების ასაკის ქართველი ქალები), მაშასადამე სოფლად მთელ დაბადებულებში (17 359 ბავშვი) საგრძნობლად იზრდება არაქართველი მოსახლეობის დაბადებათა წილი. ამრიგად სოფლად ქართველი მოსახლეობა გაქრობის საშიშროების წინაშე დგას. საკმარისია აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 1989 წელს სოფლად მოსახლეობის ბუნებრივი მატება 18 ათას კაცს შეადგენდა და აქედან ქართველები ზუსტად ნახევარს – 9 ათას კაცს უდრიდა.

ყოველივე აღნიშნულის გამო სასწრაფოდ არის შესადგენი ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, სადაც განსაკუთრებული ადგილი სოფლის დემოგრაფიულ განვითარებას დაეთმობა.
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ