Logo
გაძლიერებული ძებნა
«    სექტემბერი 2019    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
გზა ლენტეხიდან ლა სკალამდე - "ასე მგონია, ფანჯრებს მიღმა საქართველოა”

გია ონიანის თავგადასავალი




მისი ამბის თხრობა შეიძლება ასეც დავიწყოთ: იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა... სვანეთის ერთ ლამაზ სოფელში იზრდებოდა ონავარი ბიჭი, რომელიც განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით კი გამოირჩეოდა, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ბიჭი ოდესმე მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებს დაიპყრობდა.

გია ონიანის თავგადასავალი ერთი შეხედვით მართლაც ზღაპარს ჰგავს, თუმცა, როგორც ამბობს, გზა ლენტეხის რაიონის სოფელ ხოფურიდან ლა სკალამდე ურთულესი იყო. სამშობლოში ორიოდე კვირით ჩამოსული არ დაგვზარდა და ინტერვიუზე დაგთანხმდა. ინტერვიუს ჩაწერას გიას მამა, ზაურ ონიანი ესწრებოდა და ვინაიდან საუბარი ბავშვობის წლების გახსენებით დავიწყეთ, სწორედ ბატონ ზაურს ვკითხე, ცელქი თუ იყო-მეთქი. - უჰ, საშინლად, ვერცხლისწყალივით იყოო, - მიპასუხა და აქ გიაც სიცილით ჩაგვერთო:

- გგონია, მე არ ვაღიარებდი?.. კი, ცელქი ვიყავი, მაგრამ უზრდელი არ ვყოფილვარ. საერთოდ, უზრდელობას ვერ ვიტან. სოფლად ბავშვი გაცილებით ბევრს სწავლობს, განსაკუთრებული კავშირი აქვს ბუნებასთან. იქაური ენერგია დღემდე მომყვება და ცხოვრების საოცარ მუხტსა და ძალას მაძლევს. გარდა ამისა, ბავშვობაში არც შრომა და მიწასთან ურთიერთობა მომკლებია, არც ნადირის კვალში დევნა და არც სვანურ, უძველეს რიტუალებში მონაწილეობა, რაც ბავშვის სულიერ სამყაროს საოცრად ამრავალფეროვნებს.

- მუსიკა როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?
- დაბადებიდან დამყვა. ჩვენს სახლში სულ მუსიკა ისმოდა, დედაჩემი ოპერის დიდი მოყვარულია. უამრავი ფირფიტა გვქონდა, რაც, ალბათ, სვანეთისთვის უცნაურიც კი იყო. დედამ სტუდენტობა თბილისში გაატარა და სვანეთში უამრავი საოპერო ჩანაწერით დაბრუნდა, რასაც გამუდმებით უსმენდა და ბავშვებსაც გვასმენინებდა. ცოტა რომ წამოვიზარდე, იქ მოსმენილის მიბაძვა დავიწყე, ვხვდებოდი, რომ ზოგჯერ მართლა კარგად გამომდიოდა და მიხაროდა, მაგრამ იმხანად ოცნებაც კი არ შემეძლო საოპერო კარიერაზე.

ლენტეხში სამუსიკო სკოლის ფორტეპიანოს კლასში შემიყვანეს, მაგრამ სამ წელიწადზე მეტხანს ვერ "გავქაჩე"... ჩემი ყველა ძმაკაცი ჭიდაობაზე დადიოდა, ერთი მე დავდიოდი სანოტო რვეულებით, ეს არ იყო ადვილი ასატანი (იცინის), ჰოდა, მეც მივატოვე მუსიკა და ჭიდაობის სექციაში ჩავეწერე. იმ სამი წლიდან კი დამრჩა ელემენტარული ცოდნა, სხვა თუ არაფერი, ნოტების წაკითხვა შემეძლო. კონსერვატორიაში რომ გადავწყვიტე ჩაბარება, მაშინ მივუბრუნდი სანოტო რვეულებს...

- თუმცა ჯერ იყო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი...
- კი, ასეა, ჩემი ცხოვრება უცნაურად წარიმართა, სცენისკენ მეტად მიხვეულ-მოხვეული გზით ვიარე. მოკლედ, მე-7 კლასში ვიყავი, როდესაც მშობლებმა ჩემში მათემატიკური ნიჭი აღმოაჩინეს და ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში შემიყვანეს. როცა სკოლა დავამთავრე, კლასიდან ბარე ათმა კაცმა ჩავაბარეთ მაგ ფაკულტეტზე, მაგრამ მალე მივხვდი, რომ არ მაინტერესებდა ის, რასაც ვსწავლობდი, სცენისკენ მიმიწევდა გული. უნივერსიტეტში სცენაზე გამოსვლის ერთადერთი შანსი "მხიარულთა და საზრიანთა კლუბი" იყო, ჰოდა, მეც აღმოვჩნდი სცენაზე. სწორედ იქ მიპოვა მომღერალმა გია ნაცვლიშვილმა (ჯგუფ "ოთხი გიას" წევრი - ნ.დ.), რომელმაც მირჩია კონსერვატორიაში გამეგრძელებინა სწავლა.

ხომ იცი, ჩვენი ბედი ზეცაში იწერება, როგორც ჩანს, ასე დაიწერა ჩემი მომღერლობაც... მეც დავიწყე კონსერვატორიისთვის მზადება, თავდაპირველად ცოტა გამიჭირდა, რადგან ეს იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები, ურთულესი პერიოდი, ყოველი დღე იყო ბრძოლა არსებობისთვის. დღეს რაც ვარ, დიდწილად ბატონი ნოდარ ანდღულაძის დამსახურებაა, ის დღემდე ჩემს მოძღვრად რჩება... ჩემი დებიუტი დიდ სცენაზე 2001 წლის 7 მაისს შედგა აბესალომის პარტიით სპექტაკლში "აბესალომ და ეთერი". თუმცა მანამდე გაიმართა კონცეტი "ახალი ხმები", სადაც მომისმინა ჯანსუღ კახიძემ და მოულოდნელად ძალიან შემაქო.

სატელევიზიო გამოსვლაში თქვა: 25 წელია ველით ტენორს და როგორც იქნა, გამოჩნდა გია ონიანიო. ამის შემდეგ უცებ მოვექეცი ყურადღების ცენტრში. მოკლედ, ჩემი სადებიუტო სპექტაკლის მოსასმენად უამრავი ადამიანი მოვიდა. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, ოპერის ფარდას ერთ ადგილას ჭუჭრუტანა ჰქონდა, იქიდან ხალხი რომ დავინახე, გულმა რეჩხი მიყო. უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რამაც ცოტა არ იყოს, დამთრგუნა. მაგრამ მივენდე ბედს და ვიმღერე... მგონი, არცთუ ურიგოდ.

ასე დაიწყო და დაიწყო. ჯანსუღ კახიძეს მაშინ კიდევ ვერ ვაფასებდი სათანადოდ, არ ვიცოდი, რას ნიშნავდა კარგი დირიჟორი. ახლა, როცა ასეულობით დირიჟორთან მომიწია მუშაობამ, უკვე ვხვდები, რომ ის გენიოსი და ეპოქის ადამიანი იყო... როცა საქართველოდან წასვლა გადავწყვიტე, მახსოვს, ბატონმა ჯანომ როგორ მისაყვედურა, მითხრა, ძლივს კაცად გაქციე და ახლა მიდიხარ, მაგრამ როგორ დაგიშალო, როცა ვიცი, რომ რამდენიმე წელიწადში ლა სკალას სცენაზე იმღერებო. იმხანად ეს უტოპია მეგონა, არადა, ამ ამბიდან ერთ წელიწადში ლა სკალას სცენაზე ვიმღერე.

სამწუხაროდ, ბატონი ჯანო აღარ იყო ცოცხალი. იმ გამოსვლისას სულ მისი სიტყვები მესმოდა, ცრემლიც კი წამომივიდა. ზღაპარში მეგონა თავი, ლა სკალა ხომ ოპერის მექაა, იქ მღეროდნენ კარუზო, კალასი და უამრავი სხვა ვარსკვლავი, ვინც ჩემი კერპი იყო. ადვილი არ იყო ემოციებთან გამკლავება. ჩემი პირველი სპექტაკლი ლა სკალაში ვერდის პირველი ოპერა "ობერტო, გრაფი ბონიფაჩო" იყო. შემდეგ იყო სხვა ცნობილი თეატრები: ბერგამოს დონიცეტის თეატრი, კატანიის თეატრი, ბონის ოპერა, რომლის სოლისტიც დღეს ვარ, რიო დეH ჟანეიროს მუნიციპალური თეატრი და ა.შ. აუცილებლად უნდა ვახსენო ერთი ადამიანიც, ამჟამად ლენტეხის რაიონის დეპუტატი გოგი ლიპარტელიანი, რომლის სპონსორობითაც თავის დროზე წავედი უცხოეთში.

- როგორია თქვენი წარმატების ფორმულა, ნიჭსა და შრომას კიდევ რას დაუმატებდით?
- იღბალსა და მოთმინებას. ბევრჯერ ვიყავი ზღვარზე, თავი დამენებებინა ყველაფრისთვის, ძალიან ახალგაზრდა მოვეკიდე ოჯახს, მალე ბავშვიც გაჩნდა, სტუდენტი ვიყავი და ეკონომიკურად ძალიან გვიჭირდა. რომ არა დიდი მოთმინება და ნებისყოფა, ალბათ, სიმღერას თავს დავანებებდი. უდიდესია ბედის ფაქტორიც: საჭირო დროს საჭირო ადგილას, საჭირო ფორმაში რომ აღმოჩნდები...

- ვიცი, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ანსამბლ "რუსთავში" მღეროდით.
- დიახ, ეს იყო ოქროს წლები. საოცარია ჩვენი ხალხური მუსიკა, სწორედ ამ ძლიერი ფესვის დამსახურებაა ის, რომ დღეს მსოფლიო საოპერო სცენაზე არაერთი წარმატებული ქართველი დგას. ქართული ხალხური სიმღერიდან კლასიკურ მუსიკამდე ერთი ნაბიჯია. "რუსთავთან" ერთად ვნახე, რა მაგიური ძალა აქვს ქართულ სიმღერას. უამრავ ქვეყანაში ვიყავით გასტროლზე, ჩვენი ენა არსად ესმოდათ, მაგრამ მუსიკის ძალით მაინც ყველაფერს კითხულობდნენ. მინდა, ჩემი უდიდესი სიყვარული დავუდასტურო ბატონ ანზორ ერქომაიშვილს.

- საყვარელი სპექტაკლი ან არია თუ გაქვთ?
- უფრო დრამატული ოპერები მომწონს, როგორც ჩანს, ჩემი სვანური ბუნება იმათ უფრო ერგება, ბოლოს და ბოლოს, "ლილეოსა" და "ზარის" კუთხიდან ვარ, თუმცა რომანტიკულ ოპერებშიც ვმღერი... მოკლედ, პუჩინისა და ვერდის ოპერები მიყვარს. ასევე მიყვარს ვერისტული ოპერები, სიამოვნებით ვმღერი პიეტრო მასკანის, უმბერტო ჯორდანოს და რუჯერო ლეონკავალოს ოპერების დადგმებში.

როგორც გითხარით, ამჟამად ბონის ოპერის სოლისტი ვარ, კონტრაქტის მიხედვით წელიწადში ერთი პრემიერა უნდა ვითამაშო. გაისად, მარტში, შედგება "ტრუბადურის" პრემიერა, მანამდე ბონის თეატრის სცენაზე ვიმღერებ "ტურანდოტსა" და "ქალთევზაში", აგრეთვე არაერთი გასტროლი მაქვს დაგეგმილი. რამდენიმე დღეში გავემგზავრები შვეიცარიაში, მერე - იტალიაში, 24 აგვისტოს იაპონიაში მივდივარ, სექტემბერში კი - სამხრეთ აფრიკაში.

- საქართველოში როდის იმღერებთ?
- საქართველოში ჯერ თეატრის რემონტი მიმდინარეობს. როცა თეატრი გარემონტდება და განახლდება საოპერო ცხოვრება, იმედია, მეც გავხდები ამ ცხოვრების ნაწილი. ჩემი სახლი აქ არის, აქ მიპატიჟებაც არ მჭირდება, სიხარულით მოვფრინავ. ღმერთმა აქ რომ გამაჩინა ეს ნიშნავს, რომ აქ არის ჩემი ადგილი. ქართული საოპერო სკოლა კვლავაც დიდ სიმაღლეზეა. საუკეთესო პედაგოგები გვყავს, უამრავი რუსი, ჩინელი, კორეელი, იტალიელი და გერმანელი ჩამოდის აქ სასწავლებლად. იტალიაში არ მიდიან, რადგან ნამდვილი იტალიური საოპერო სკოლა იმ საბჭოთა რკინის ფარდამ სწორედ ჩვენთან შემოინახა. იტალიაში თითზე ჩამოსათვლელია ნამდვილი იტალიური საოპერო სკოლის პედაგოგი.

- მსმენია, თქვენს სამოღვაწეო სფეროში ხშირია ინტრიგები...
- (მაწყვეტინებს) განსაკუთრებული არაფერი, როგორც ყველგანაა, ისევეა ჩვენთანაც. რა თქმა უნდა, ხდება ისეც, რომ შენი წარმატება ყველას არ უხარია, შესაბამისად, პატარა მიზეზი ჰყოფნით საჭორაოდ. მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. მეტიც, თუ ინტრიგებს გიწყობენ, გამოდის რომ მართლა მიაღწიე რაღაცას. ერთი ამბავი გამახსენდა, გინდათ, გითხრათ, როდის დავრწმუნდი საბოლოოდ ჩემს წარმატებაში? როდესაც ერთმა სომეხმა, რომელიც ჩემს სვანურ გვარს კარგა ხანს უკირკიტებდა, მითხრა, კარგად დაფიქრდი, იქნებ, სინამდვილეში სომეხი ხარო...

- ოჯახზეც გვითხარით ორი სიტყვა.
- ჩემი მეუღლე ხათუნა წიკლაური ისტორიკოსია. ორი შვილი გვყავს: 16 წლის რატი და 6 წლის დეა. ამჟამად გერმანიაში ვცხოვრობ ოჯახით.

- ბავშვებმა სვანური თუ იციან?
- (იცინის) მაგათ კი არა, ლამის მე დამავიწყდეს. სვანური ჯერ ვერა, მაგრამ ქართული ბიჭმა კარგად იცის, აქ დაიბადა და გაიზარდა, გოგონას ცოტა უჭირს, თუმცა ცდილობს... მოკლედ, სახლში ავკრძალეთ სხვა ენაზე ლაპარაკი და მეტი რა გზა აქვს.

მე და ჩემი ოჯახი, მიუხედავად სამშობლოდან შორს ყოფნისა, მაინც საქართველოს ნაწილი ვართ. ქართულ სატელევიზიო არხებს ვუყურებთ, აქაური ავ-კარგით ვცხოვრობთ. ვგრძნობ, ჩემი ქვეყნის გულის ფეთქვას. ასე მგონია, ფანჯრებს იქით საქართველოა. მე იქ სტუმარი ვარ, სტუმრად კი, რაც უნდა კომფორტი გქონდეს, დიდხანს ვერ ძლებ. ჰოდა, ჩემი ბოლოც აქ არის. აუცილებლად დავბრუნდები. რა ვქნა, ჩემი ცუდი მირჩევნია სხვის კარგს!"

ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
 
 (ხმები: 3)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ